Wednesday, November 9, 2016

მეხსიერების მანიპულაცია და ნაციონალური იდენტობის ფორმირება




            წარსულისადმი დამოკიდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მეხსიერების კვლევებში.ის მჭიდრო კავშირშია იდენტობის ჩამოყალიბების პროცესთან, რადგან იდენტობა არ არის ერთხელ ფორმირებული, უცვლელი ფენომენი. იდენტობა კონსტრუირდება და რეკონსტრუირდება მეხსიერების აქტების საშუალებით. ჩვენი ნაშრომის მიზანია მეხსიერების, კონკრეტულად კი კოლექტიური და ისტორიული მეხსიერებების მნიშვნელობის განსაზღვრა ნაციონალური იდენტობის ფორმირებისას. ამისათვის ვნახავთ, თუ როგორ მანიპულირებენ მეხსიერებით ისტორიული ნარატივის საფუძველზე.
             ტერმინი ნაციონალიზმი რამდენიმე მნიშვნელობას მოიცავს:

1.ნაციების და სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების პროცესს. 2.ნაციისადმი კუთვნილების გაცნობიერებას  3.ნაციის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მიმართულ განწყობილებებს. 4.იდეოლოგიას, რომელიც მოიცავს ნაციის კულტურულ დოქტრინას და 5. სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობას, მიმართულს ნაციის მიზნების შესრულებისკენ. შესაბამისად, ნაციონალიზმი შეიძლება განვიხილოთ როგორც კულტურის, ისე სოციალური და პოლიტიკური კუთხით. ამავდროულად, ნაციონალიზმი "ქმნის" და აყალიბებს ნაციონალურ იდენტობას. აქედან გამომდინარე, ნაციონალური იდენტობა ერთის მხრივ მჭიდრო კავშირშია კულტურასთან (შეიძლება ითქვას, რომ განპირობებულიცაა კულტურით), მეორეს მხრივ კი მასზე ზემოქმედებენ სოციალური და პოლიტიკური  რეალიები. ანუ, ნაციონალური იდენტობის სახელით ცნობილი მოვლენა მოიცავს როგორც კულტურულ, ისე პოლიტიკურ იდენტობას. 
            ენტონი დ. სმითი გამოყოფს ნაციონალური იდენტობის ძირითად ნიშნებს: 
1. ისტორიული ტერიტორია, ანუ სამშობლო
2.საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება
3.საერთო საზოგადოებრივი მასკულტურა
4. ყველა წევრისთვის საერთო სამართებლივი უფლება-მოვალეობანი
5. საერთო ეკონომიკა მის წევრთათვის.
            ამ ნიშნებიდან ჩვენთვის საგულისხმოა მეორე ნიშანი, კერძოდ საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება. მას შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი  მახასიათებლები, როგორებიცაა საერთო წარსული, მითები და ტრადიციები. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარეობს ე.წ. "საკრალური ცენტრები" - ისტორიული ობიექტები, სალოცავები, ხსოვნის გამომხატველი ადგილები. ნაციონალიზმის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საერთო წარსული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეთნიკური/ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. ხოლო წარსული შემონახულია ჩვენს მეხსიერებაში. მეხსიერება არის როგორც ინდივიდუალური (პიროვნების მოგონებები), ისე კოლექტიური და ისტორიული.  კოლექტიური მეხსიერება არის ის, რაც ერთობათა აქტიურ გამოცდილებაში დაილექა. ის ყოველთვის სოციალურადაა განსაზღვრული. ისტორიული მეხსიერება კი ისტორიკოსების კოლექტიური მეხსიერებაა და ამავდროულად მათივე მოქმედების შედეგად ყალიბდება - ისტორიკოსი ახდენს წარსულის სურათის რეკონსტრუქციას. თუმცა უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი რომ ისტორიკოსი არ არის თავისუფალი სოციალური მიკუთვნებულობისაგან, მისი ხედვა კონკრეტული კულტურითაა განპირობებული.
            ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარსული, როგორც ერთობის მანიპულაციის მექანიზმი, ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტებისათვის. მისი საშუალებით ხდება არაერთი გადაწყვეტილებისთვის ლეგიტიმური საფუძვლის მოძებნა -ტერიტორიაზე პრეტენზიების დასამტკიცებლად, ან კონკრეტული პოლიტიკური მოვლენის ისტორიის საშუალებით "გასამართლებლად".  
            საერთო წარსულზე აპელირება მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობებისთვის - როგორც მათი წარმოშობის, ისე მოძრაობის ერთიანობის შენარჩუნებისთვის. ასეთ დროს კოლექტიურ მეხსიერებასა და ინსტიტუციონალიზებულ ისტორიას განსაკუთრებული როლი ენიჭება; მათ გვერდზე აქტიურად გამოიყენებენ მითებს, ტრადიციებსა და სიმბოლოებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მოძრაობების დროს უფრო დიდი ზეგავლენა აქვთ მითებისა და კოლექტიური მეხსიერების გარკვეულ კომბინაციებს, ვიდრე ინსტიტუციონალიზებულ ისტორიას. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ნაციონალურ მოძრაობებს მაღალი ემოციური ფონი ახასიათებთ, ზემოთხსენებული კომბინაციები კი უფრო პასუხობენ არსებულ ემოციურ მუხტს, ვიდრე მეცნიერულ "ჩარჩოებში მოქცეული" ისტორია. ნაციონალური იდენტობა ვერ ჩამოყალიბდება მითების შექმნის გარეშე. სამაგიეროდ, ინსტიტუციონალიზებულ ისტორიას უკვე ხელისუფლების დამყარების შემდეგ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.   ბუნებრივია, ნაციონალური ისტორიოგრაფია ყოველთვის ხაზს უსვამს საკუთარი ისტორიის თავისებურებებს. ეს მისწრაფება მძაფრდება, თუკი მმართველი რეჟიმი და იდეოლოგია ახალი შეცვლილია (მით უფრო, თუ მმართველი ელიტა დამპყრობელს წარმოადგენს). აქ მწვავედ დგება "საკუთარი თავის"  და "სხვისი" აღქმის საკითხი-საკუთარი იდენტობის განცდა მძაფრდება სხვასთან  მიმართებაში. ამავდროულად, აგრესორი ყოველთვის ცდილობს ისტორიული მეხსიერების წაშლას, რაც ნაციონალური იდენტობის დაკარგვაზეა გათვლილი. ხალხი, რომელსაც არ გააჩნია ნაციონალური ისტორია, ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ, უფრო იოლად კარგავს იდენტობას და განიცდის ასიმილაციას. ისტორია და მეხსიერება მანიპულაციის ძლიერ მექანიზმებს მიეკუთვნება,რომელიც ელიტის ხელშია და საჭიროებისა-\მებრ იყენებს საზოგადოებასთან/ხალხთან მიმართებაში. 
            ისტორიისა და მეხსიერების ხელახლა მოპოვება უმნიშვნელოვანესია პოსტკოლონიური სახელმწიფოებისთვის. მისი საშუალებით უნდა დაიძლიოს აგრესორთა მიერ ჩამოყალიბებული იდენტობა და ჩანაცვლდეს ნაციონალური იდენტობით. იდეოლოგიის ცვლილებიდან გამომდინერე, წარსულში მომხდარი ესა თუ ის მოვლენაც განსხვავებულად აღიქმება და წარმოჩინდება. შესაბამისად, იცვლება ამ ფაქტის ინტერპრეტაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში. ნაციონალური იდენტობის ფორმირებისას ისტორიის სახელმძღვანელოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ცხოვრების სწორედ იმ პერიოდში ახდენენ ზეგავლენას, როცა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროს ყველაზე იოლია გარკვეული თვალთახედვის "ჩანერგვა", რომლის შეცვლა შემდგომში საკმაოდ რთულია. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მაგალითი (ერთი და იგივე ფაქტი) განვიხილოთ სხვადასხვა პერიოდის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. 
            ამ მიზნით,საქართველოს ისტორიიდან ავარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მოვლენა - გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება და მისი შედეგები. პირველი შეფასება, რომელსაც განვიხილავთ, იქნება 1948 წელს გამოსული წიგნიდან "საქართველოს ისტორია. ნაწილი I" (ავტორები: ნ. ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი და ს.ჯანაშია; ს.ჯანაშიას რედაქციით). მეორე წიგნია 2003 წელს გამოსული "საქართველოს ისტორია" (მერვე კლასის სახელმძღვანელო; ავტორები: მ.ვაჩნაძე, ვ.გურული, მ.ბახტაძე) და მესამე წიგნი 2004 წელს დაბეჭდილი ასევე მერვე კლასის "საქართველოს ისტორია" (ავტორი - ნოდარ ასათიანი). სამივე წიგნში მოვლენის განსხვავებულ შეფასებას ვხვდებით, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია მმართველობის ფორმისა და იდეოლოგიის ცვლილებით, მეორეს მხრივ კი თავად ისტორიკოსების თვალთახედვით.
            პირველ წიგნში ვკითხულობთ: " საქართველო მეფის რუსეთის კოლონიად იქცა. რათქმაუნდა, ეს იყო ბოროტება, რომელსაც ქართველი ხალხი დაუღალავად ებრძოდა ვიდრე მან, დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, თავისუფლება არ მოიპოვა. მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში ეს იყო მაინც უმცირესი ბოროტება: სამი მოქიშპე სახელმწიფო- (რუსეთი, ირანი, ოსმალეთი) მხოლოდ რუსეთი, საქართველოსათვის მახლობელი რელიგიითა და კულტურით, იყო ის ერთადერთი პროგრესული ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს მიწაწყლის გაერთიანება და ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
            საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა უცხო, მტრული გარემოცვის გარღვევით დასრულდა და ქართველი ხალხი, რუსეთის მეშვეობით, კვლავ, და საბოლოოდ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას."[1]
            ამ ნაწყვეტში ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული საბჭოთა იდეოლოგია: პირველ რიგში, ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ მეფის რუსეთის კოლონიად ყოფნა უბედურებაა, სწორედ მეფის რუსეთის, და არა ზოგადად რუსეთის. "ქართველი ხალხი დაუღალავად ებრძოდა" კონკრეტულად მეფის რუსეთს, და არა რუსებს. შემდეგ ვკითხულობთ, რომ ეს ბრძოლა ოქტომბრის რევოლუციით დასრულდა ანუ ქართველმა ხალხმა ისევ რუსების დახმარებით და მათთან ერთად შესძლო მეფის რუსეთის დამარცხება და თავისუფლების მოპოვება. თუმცა აქვე აღინიშნება, რომ "იმ ისტორიულ პირობებში ეს იყო მაინც უმცირესი ბოროტება" , რომ ირანისა და ოსმალეთის გვერდზე "მხოლოდ რუსეთი, საქართველოსათვის მახლობელი რელიგიითა და კულტურით, იყო ის ერთადერთი პროგრესული ძალა,"  რომელმაც საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება შესძლო და რაც ყველაზე საინტერესოა "ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა" ციტატა მთავრდება იმის აღნიშვნით, რომ ოქტომბრის რევოლუციის შედეგად "ქართველი ხალხი, რუსეთის მეშვეობით, კვლავ, და საბოლოოდ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას."  ამ წინადადებაში ორ საგულისხმო ადგილს ვხვდებით: პირველი, ის რომ რუსეთის მეშვეობით მოხდა  ევროპული განვითარების გზისკენ დაბრუნება, და მეორე რომ ეს საბოლოოა - ანუ მოცემული მდგომარეობა ერთადერთი, შეუცვლელი და საუკეთესოა ქართველი ხალხის და ქვეყნის განვითარებისთვის.
             ზემოთქმულიდან გამომდინარე, ციტატა ნათლად ასახავს თუ რა კუთხით უნდა აღქმულიყო და შესაბამისად "აღბეჭდილიყო მეხსიერებაში" ეს ერთი კონკრეტული მოვლენა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის პირობებში.
            ახლა კი  ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა ამ მოვლენის აღქმაც და შეფასებაც - 2003 წელს გამოსულ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: "გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთი შეზღუდული სუვერენიტეტის ვასალურ [2] სახელმწიფოდ გადაიქცა. დაახლოებით ასეთი სტატუსი ჰქონდა ქვეყანას მაშინ, როდესაც მას ირანის შაჰის ვალი მართავდა.უმჯობესი თითქოს ის იყო, რომ ამჯერად საქმე ერთმორწმუნე იმპერიასთან გვქონდა. ერეკლე იმედოვნებდა, რომ სუვერენიტეტის თვითშეზღუდვით სამეფოს შეინარჩუნებდა და ლეკიანობისგან თავს დააღწევდა. სამწუხაროდ, იმედებმა არ გაამართლა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით ქართლ-კახეთის სამეფომ ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა. პირიქით, ტრაქტატის დადებამ მკვეთრად გააუარესა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. მალე ნათელი გახდა, რომ რუსეთი ხელშეკრულე-ბით გათვალისწინებული პირობების შესრულებას არ აპირებდა. გეორგიევსკის ტრაქტა-ტის დადების შემდეგ ავარდა ახალი, მძლავრი ანტიქართული ტალღა მეზობელ მუსლი-მურ სახელმწიფოებსა და ხალხებში."[3]
            განსხვავება პირველ და მეორე ციტატას შორის, ჩვენი აზრით, მკაფიო და თვალნათლივია. პირველი ციტატა საბჭოთა იდეოლოგიის კუთხითაა გაშუქებული, ხოლო მეორე შექმნის მომენტისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათ წელზე მეტია გასული. ეს ბუნებრივია, აისახა მოვლენის ინტერპრეტაციასა და შეფასებაზე. 
            მეორე ციტატის დასაწყისში ისტორიულ ანალოგიას ვხვდებით - "დაახლოებით ასეთი სტატუსი ჰქონდა ქვეყანას მაშინ, როდესაც მას ირანის შაჰი ვალი მართავდა" . შედარება იმ პერიოდთან, რომელიც კოლექტიურ მეხსიერებაში უარყოფითი მნიშვნელობითაა შესული, შესაბამის ასოციაციას აჩენს. ასოციაციის ერთგვარი შერბილება ხდება სარწმუნოებაზე ხაზგასმით - "უმჯობესი თითქოს ის იყო, რომ ამჯერად საქმე ერთმორწმუნე იმპერიასთან გვქონდა" . შემდეგ აღნიშნულია, რომ ერეკლე მეორის იმედები არ გამართლდა და გადაჭრით, უაპელაციდაა ნათქვამი - "გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით ქართლ-კახეთის სამეფომ ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა".   ზემოქმედებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ წინადადება დანარჩენი ტექსტიდან სპეციალურადა მუქი შრიფტითაა გამოყოფილი, რაც მის შემჩნევას, აღქმას და უკეთ დამახსოვრებას განაპირობებს (ასევეა გამოყოფილი ფრაზა "შეზღუდული სუვერენიტეტის ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცა" , მიზანიც იგივეა-მოსწავლემ იოლად შეამჩნიოს და დაიმახსოვროს კონკრეტული აზრი.) ესეც მეხსიერებაზე ზეგავლენის ერთ-ერთი ხერხია, რომლის საშუალებითაც ადამიანს (ამ შემთხვევაში მოსწავლეს) წინასწარ განუსაზღვრავენ, თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა დაიმახსოვროს და რა სახით უნდა დაიმახსოვროს. შესაბამისად, მკითხველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომელზეც მას მიუთითებენ. ეს მეხსიერების კონტროლის ეფექტური გზაა. ამ ხერხის გამოყენებით შესაძლებელია ადამიანს ჩამოუყალიბდეს მოვლენათა აღქმისა და ინტერპრეტაციის გარკვეული კუთხე. იმის გათვალიწინებით, რომ იდენტობა სტატიკური ფენომენი არ არის და ის რეკონსტრუირდება მეხსიერების აქტების მეშვეობით, ზემოთხსენებული მანიპულაციები შესაძლებელს ხდის იდენტობის ფორმირებას. ისტორიის სახელმძღვანელოებში "ჩვენ" და "სხვა" ჯგუფების მკაფიოდ განსაზღვრა, "მტრის ხატის" შექმნა და სხვ. ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია.                 
  მეორე ციტატა მთავრდება იმის აღნიშვნით, რომ ტრაქტატმა ანტიქართული ტალღა გამოიწვია მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებში, ანუ კიდევ ერთი უარყოფითი ასპექტია გამოყოფილი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემული ნაწყვეტი არ არის ნეიტრალური და მთლიანად ნეგატიურად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს და მის შედეგებს.
            რაც შეეხება მესამე სახელმძღვანელოს: "გეორგიევსკის ტრაქტატის მიღებას ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე II იმედოვნებდა, რომ ამ აქტით თავის ქვეყანას საბოლოოდ ააცდენდა აღმოსავლეთის ჩამორჩენილი ქვეყნების - ირანისა და ოსმალეთის მხრივ შთანთქმასა და განადგურებას, ხოლო რუსეთმა შეძლო უომრად გადმოელახა კავკასიონის ქედი და მის სამხრეთით უაღრესად ხელსაყრელი პლაცდარმი მიიღო.
            მეფე ერეკლე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა [......] ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა, რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფლობელობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.
            რუსეთის საიმპერატორო კარი იმედოვნებდა, რომ ასეთივე ხელშეკრულებას გააფორმებდა იმერეთის სამეფოსთანაც, ამით მისი პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდებოდა როგორც ყირიმში, ისე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. საქართველოში ფეხის მოკიდების შემდეგ რუსეთს გზა ეხსნებოდა წინა აზიაში თავისი გავლენისა და მფლობელობის გასავრცელებლად"[4]
            წინა ციტატასთან შედარებით, მოცემული ნაწყვეტი უფრო ნეიტრალურია. ხაზგასმულია ორივე მხარის ინტერესები: როგორც ერეკლე მეორის იმედები და ხელშეკრულების დადებისას, ისე რუსეთის მიზნები. (რაც არ იყო ასე დაწვრილებით ჩამოყალი-ბებული მეორე ციტატაში). თუმცა შეფასება გვხვდება ირანთან და ოსმალეთთან დაკავშირებით -"აღმოსავლეთის ჩამორჩენილი ქვეყნების - ირანისა და ოსმალეთის". - რაც ინფორმაციას გვაწვდის არამარტო ამ ქვეყნების, არამედ რუსეთის შესახებაც. კონტექსტის გათვალისწინებით, ირანი და ოსმალეთი რუსეთთან ოპოზიციაშია ნახსენები, ისინი ჩამორჩენილნი არიან რუსეთთან შედარებით (თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოც უფრო განვითარებულად მოიაზრება, ვიდრე ირანი და ოსმალეთი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ტექსტში შექმნილია აღმოსავლეთის ქვეყნების უარყოფითი ხატი; რუსეთი კი არც მკვეთრად დადებითად, არც მკვეთრად უარყოფითად არ არის ნაჩვენები. ვერ ვიტყვით, რომ ამ ტექსტში ისეთივე ინტენსიობით არის გამოყენებული მეხსიერების კონტროლის მექანიზმები, როგორც პირველ ორ ტექსტში.
            ამ სამი ნაწყვეტის საშუალებით ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ და რა საშუალებებით ხორციელდება მეხსიერებაზე ზემოქმედება; კონსტრუირდება და რეკონსტრუირდება იდენტობა იმისდა მიხედვით, თუ ვინ მიიჩნევა "ჩვენ" და "სხვა" ჯგუფებად და ვინ მიიჩნევა "მტრად". მაგრამ მანიპულაციებისთვის მხოლოდ ინსტიტუციონალიზებული ისტორია არ გამოიყენება.ზოგჯერ სახელმძღვანელოში სპეციალურად კოლექტიურ მეხსიერებაზე მიმართული ტექსტებიც გვხვდება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2011 წელს გამოსული მეექვსე კლასის სახელმძღვანელო "ჩვენი საქართველო" (ავტორები-მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე, ნინო ერემაშვილი, გიორგი მშვენიერიძე). სახელმძღვანელოში ინტეგრირებულია სამი საგანი: ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. ისტორიის ნაწილში (კერძოდ, თემა 5.3 საქართველო ახალ დროში (XIX - XXI სს.)) გვხვდება თავი "საქართველო დღეს", რომელშიც ვკითხულობთ: "ამ ომის (იგულისხმება 2008 წლის აგვისტოს ომი) დროს ყველა სამართლიანი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ჩვენი სამშობლოს გვერდით დადგა. იმ დღეებში საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად მსოფლიო პოლიტიკის თვალსაჩინო მოღვაწეები ხმამაღლა აცხადებდნენ: "მე ქართველი ვარ". საქართველოს ტერიტორიული  საზღვრები, ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი) ჩათვლით, აღიარებულია მსოფლიოს საზოგადო-ების მიერ.
            2008 წლის ომის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ომამდე დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გრძელდება. დღეს უკვე გაუმჯობესებულია პოლიციის მუშაობა; ახალი, თანამედროვე სასწავლო პროგრამები მზადდება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ამავე დროს დაიგო, დამშვენდა საქართველოს ისტორიული ქალაქები, ხდება ისტორიული ძეგლების აღდგენა-გამაგრება, მიმზიდველობა ემატება ტურისტულ ზონებს.
            რეფორმების მიზანია სამართლიანი, განათლებული და მდიდარი საზოგადოების აშენება, რათა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ერთნაირად მიმზიდველი გახდეს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და სხვა ხალხებისთვის, რომლებიც საქართველოს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ." [5]
            მოცემული ციტატის დასაწყისში მკვეთრადაა გამოხატული ემოციები და შეფასებითი დამოკიდებულება, ასევე ნაციონალური იდენტობის ძლიერი აქცენტირება. პირველი აბზაცი აშკარად გათვლილია ნაციონალურ გრძნობებზე  ზემოქმედების მოსახდენად. 
            მეორე აბზაცი მთლიანად "დადებითი" მოვლენების ჩამოთვლა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა. აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რეფორმები დემოკრატიულია და მათ მიმდინარეობაზე ომმა ვერ იმოქმედა. დემოკრატიულობის  ასეთი ხაზგასმა ქვეყნის საგარეო მიკუთვნებულობაზე (ან მიკუთვნებულობის სურვილზე) მიუთითებს. 
            მესამე აბზაცში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ ვინ უნდა შედიოდეს "საქართველოს ჩვენ ჯგუფში"- "ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და სხვა ხალხებისთვის, რომლებიც საქართველოს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ."  ეს წინადადება ერთის მხრივ მიმართულია მულტიეთნიკური საქართველოს მოდელის აქცენტირებისკენ, მეორეს მხრივ კი გამიზნულია მოსწავლეების "ჩვენ ჯგუფის" აღქმის ფორმირებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ეს მოსწავლეები მიეკუთვნებიან იმ თაობას, რომლის მეხსიერებაში ტერმინები "აფხაზი", "ოსი" და "კონფლიქტი" გარკვეულ კომბინაციას ქმნიან. ამ თაობის წარმომადგენლებს არა აქვთ უშუალო ურთიერთობების ის გამოცდილება, რომელიც აქვთ მათ მშობლებს.[6] ძირითადად, მათი ემოციური დამოკიდებულება ჩამოყალიბებულია უფროსი თაობის მოგონებების მიხედვით. სწორეს ამიტომ, საჭიროა იმის აქცენტირება, თუ ვინ შედის "ჩვენ ჯგუფში", რაზეცაა გამიზნული ზემოთქმული წინადადება სახელმძღვანელოში. 
            შესაბამისად, ჩვენ მიერ განხილული ბოლო ციტატა  კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედების ნათელი მაგალითია. აქ ვხვდებით როგორც ემოციურ დამოკიდებულებას, ისე იმ პერიოდის პოლიტიკური რეალიების გამოხატვასა და "ჩვენ ჯგუფის" განსაზღვრას. 
            
                        დასკვნის სახით გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენი აზრით, მოყვანილი ციტატები მკაფიოდ ასახავენ წარსულის, როგორც ერთობის მანიპულაციის მექანიზმის მნიშვნელობას;  ისტორიული მეხსიერების და ზოგადად წარსულის როლს ნაციონალური იდენტობის ფორმირებაში. გეორგიევსკის ტრაქტატის მაგალითი გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლება ერთი და იმავე ფაქტის ინტერპრეტაცია სახელმწიფო იდეოლოგიისა და მმართველობის ტრანსფორმაციის შემთხვევაში,რაც, ბუნებრივია, მოქმედებს იდენტობასა და კოლექტიურ მეხსიერებაზე. იმისათვის რომ ეს მოქმედება ეფექტურად განხორციელდეს, ფაქტის გაშუქება ხდება მიზანმიმართულად გარკვეული კუთხით და გარკვეული ხერხების გამოყენებით. ბოლო ციტატა ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედება ხდება ყველა იდეოლოგიისა და მმართველობის სისტემის ფარგლებში; და ეს ზემოქმედება ყოველთვის უარყოფითი მოვლენა არ არის.ზოგჯერ ის აუცილებლობას წარმოადგენს, როდესაც ხელახლა ჩამოსაყალიბებელი ან გასაღვიძებელია ნაციონალური იდენტობა (პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები).

            


























                                           გამოყენებული ლიტერატურა:
1. "ნაციონალური იდენტობა" - ენტონი დ. სმითი, გამომცემლობა "ლოგოს პრესი",                                                                თბილისი 2008წ.

2. "საქართველოს ისტორია. ნაწილი I" - ნ. ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი და                                                                                       ს.ჯანაშია;  (ს.ჯანაშიას რედაქციით). 1948 წ.                                                                             გამომცემლობა საქართველოს სსრ.                                                                                              სახელმწიფო გამომცემლობა;  

3. "საქართველოს ისტორია"- მ.ვაჩნაძე, ვ.გურული, მ.ბახტაძე; გამომცემლობა                                                                    "არტანუჯი"; თბილისი 2003 წ.

4. "საქართველოს ისტორია"-  ნოდარ ასათიანი; "გამომცემლობა განათლება",                                                                        თბილისი 2004 წ.

5. "ჩვენი საქართველო" - მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე, ნინო ერემა-                                                   შვილი, გიორგი მშვენიერიძე; "ლოგოს პრესი" 2011 წ.








[1] "საქართველოს ისტორია. ნაწილი I" - ნ. ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი და ს.ჯანაშია; (ს.ჯანაშიას რედაქციით). 1948 წ. გამომცემლობა საქართველოს სსრ. სახელმწიფო გამომცემლობა; გვ. 418
[2] სტილი დაცულია
[3] "საქართველოს ისტორია"- მ.ვაჩნაძე, ვ.გურული, მ.ბახტაძე; გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი 2003 წ.;  გვ.122-123
[4]  "საქართველოს ისტორია"-  ნოდარ ასათიანი; "გამომცემლობა განათლება", თბილისი 2004 წ. გვ. 187-188
[5] "ჩვენი საქართველო" - მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე, ნინო ერემაშვილი, გიორგი მშვენიერიძე; "ლოგოს პრესი" 2011 წ. გვ. 190-191
[6] ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც გამონაკლისებს წარმოადგენენ.

No comments:

Post a Comment